დასაქმებულთა უფლებები


რა უფლებებით სარგებლობენ დასაქმებულები?

სამუშაოს შესრულების დრო:
დასაქმებულის მიერ სამუშაოს შესრულებისათვის განსაზღვრული დრო არ უნდა აღემატებოდეს კვირაში 40 საათს. თუ დასაქმებული კვირაში 40 საათზე მეტს მუშაობს, მაშინ 40 საათზე ზემოთ არსებული დრო ითვლება ზეგანაკვეთურ სამუშაოდ, რაც დამატებით უნდა ანაზღაურდეს.

შესვენების დრო:
იმ შემთხვევაში თუ დასაქმებული დღეში 6 საათზე მეტს მუშაობს, მაშინ მას უფლება აქვს ისარგებლოს არანაკლებ 60 წუთიანი შესვენებით.

შვებულება:
დასაქმებულს უფლება აქვს ისარგებლოს ანაზღაურებადი შვებულებით – წელიწადში სულ მცირე 24 სამუშაო დღით, ხოლო არაანაზღაურებადი შვებულებით წელიწადში სულ მცირე 15 კალენდარული დღით (დასაქმებულს შვებულების მოთხოვნის უფლება აქვს მუშაობის დაწყებიდან 11 თვის შემდეგ).

სამსახურიდან გათავისუფლება:
თუ დამსაქმებელს სურს სამსახურიდან ჩვენი გათავისუფლება, მაშინ იგი ვალდებულია ამის შესახებ წერილობით გვაცნობოს 30 დღით ადრე და მოგვცეს კომპენსაცია არანაკლებ 1 თვის ხელფასის ოდენობით ან წერილობით გვაცნობოს 3 დღით ადრე და მოგვცეს კომპენსაცია არანაკლებ 2 თვის ხელფასის ოდენობით.

იმ შემთხვევაში თუ დამსაქმებელს არ აქვს/ჰქონდა დასაქმებულის სამსახურიდან გათავისუფლების საფუძველი ან/და სხვანაირად დაარღვია მისი უფლებები, მაშინ უმჯობესია დასაქმებულმა მიმართოს ადვოკატს, სარჩელი შეიტანოს სასამართლოში და მოითხოვოს გათავისუფლების ბრძანების ბათილად ცნობა, სამსახურში აღდგენა, განაცდურის ანაზღაურება ან/და ნამუშევარი ხელფასისა ან/და კომპენსაციის დაკისრება.