უნებართვო მშენებლობა


როგორ მოვიქცეთ თუ ჩვენი მეზობელი უნებართვო მშენებლობას ახორციელებს?

უნებართვო მშენებლობა:
იმისათვის, რომ მშენებლობა ჩაითვალოს უნებართვოდ, აუცილებელია მშენებლობის განმახორციელებელ პირს ან/და მესაკუთრეს არ ჰქონდეს სამშენებლო დოკუმენტაცია (მშენებლობის ნებართვა, თანხმობა/დასტური ან სხვა დოკუმენტი) ან მშენებლობა უნდა მიმდინარეობდეს სამშენებლო დოკუმენტაციის ისეთი დარღვევით, რომლის დროსაც შენობა- ნაგებობის ფუნქცია იცვლება ან/და ხდება გათვალისწინებულზე მეტი სართულის აშენება (მაგალითად შენობა უნდა იყოს 10 სართულიანი, თუმცა შენდება მეთერთმეტე სართული);

განცხადებით მიმართვა:
შესაძლებელია თქვენი მეზობლის მიერ უნებართვო მშენებლობის წარმოება თქვენ რაიმე სახის ზიანს გაყენებდეთ ან/და წინააღმდეგი იყოთ ასეთი მშენებლობის. თუ მშენებლობა ქალაქ თბილისში მიმდინარეობს, მაშინ უფლება გაქვთ განცხადებით მიმართოთ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალურ ინპექციას და მოსთხოვოთ შესაბამისი რეაგირება. მუნიციპალური ინსპექცია კი დააჯარიმებს უნებართვო მშენებლობის მწარმოებელ პირს ან/და მესაკუთრეს და მოსთხოვს აშენებულის დემონტაჟს ანუ დანგრევას. თუ უნებართვო მშენებლობა მიმდინარეობს რომელიმე სხვა მუნიციპალიტეტში, ასეთ შემთხვევაში განცხადებით უნდა მიმართოთ შესაბამისი მუნიციპალიტეტის მერიას. განცხადების შეტანამდე უმჯობესია კონსულტაცია გაიაროთ კვალიფიციურ იურისტთან, რათა დადგინდეს უნებართვოა თუ არა მშენებლობა და განცხადებაც სწორად იქნას შედგენილი.